“საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს იმაზე უკეთესს, ვიდრე დღეს მათ პარლამენტმა შესთავაზა” – კონგრესმენი კინზინგერი

admin
ავტ.: admin ნოემბერი 15, 2019 10:09

“საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს იმაზე უკეთესს, ვიდრე დღეს მათ პარლამენტმა შესთავაზა” – კონგრესმენი კინზინგერი

როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და დაამტკიცონ რეფორმათა ეს პაკეტი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების თაობაზე განაცხადა.

„შოკირებული ვიყავი ამ დილით, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმები ჩავარდა მას შემდეგ, რაც თანამდებობის პირებმა ხმა არ მისცეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. გასულ კვირას საქართველოში ჩემი ვიზიტისას კმაყოფილი ვიყავი, რადგან რეფორმის ეს პაკეტი გარდაუვალი ჩანდა. ეს ვალდებულება აღებული იყო საერთაშორისო საზოგადოების და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება და გამოსწორდება ძალიან მალე“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის განცხადებაში.

მისივე თქმით, როდესაც ამ რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატებელი ქვეყანაა მისი რეპრესიული მმართველობის სისტემის გამო.

„საქართველო არ არის რუსეთი. ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს გაცილებით მეტს, ვიდრე იმას, რაც დღეს მათ პარლამენტმა უჩვენა“, – აღნიშნულია ადამ კინზინგერის განცხადებაში.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 15, 2019 10:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics