საქართველოს რეგიონებში 80 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ენრგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის ინფორმაციით, უამინდობისა და სტიქიის გამო, საქართველოს რეგიონებში 80 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

როგორც ელოშვილმა უამინდობის მიზეზით რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უამინდობის მიუხედავად აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და აბონენტების უმრავლესობას ელექტრომომარაგება დღეს გვიან საღამოს აღუდგება.

„დღეს დილიდან, საქართველოს მასშტაბით მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობაა, რამაც გამოიწვია რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერეხება. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“, რომელიც საქართველოს რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას, დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 80 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კერძოდ იმერეთსა და რაჭაში – 5 ათასი აბონენტი, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში – 35 ათასი აბონენტი, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში – 12 ათასი აბონენტი, აჭარაში – 19 ათასი აბონენტი, სამეგრელოსა და გურიაში – 8 ათასი აბონენტი. მთლიანად საქართველოში ელექტროენერგია არ მიეწოდება 80 ათას აბონენტს, რაც „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტების 8%-ია”, – განაცხადა ელოშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში დაზიანებები სრულად ხვალისთვის იქნება აღმოფხვრილი და ყველა აბონენტს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

“სრული კოორდინაციაა ენერგეტიკის სამინისტროსა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შორის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. მოსახლოებას განახლებული ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა“ 2016 წელს თბილისიდან ურუმჩის გავლით დაგეგმილ ახალ მიმართულებებზე პრეზენტაცია გამართა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს