საქართელოდან აშშ-ში წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოდან აშშ-ში 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, მან, სულ მცირე, 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა შექმნა და 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეულობით დაზარალებულისგან 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოტყუებით მიიღო.

“აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს,” – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიReuters – ისრაელის თავდაცვის ძალებმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი დაბომბა
შემდეგი სტატიაინდონეზია ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის