საქალაქო სასამართლო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს

საქალაქო სასამართლო ინფორმაციით აიუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვს საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მეტი წინდახედულობა გამოიჩინონ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას.

“თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 24 ნოემბერს, ბრალდებულების აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, დავით ფარისებიას და გიორგი კუპრავას სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა კონკრეტული სასამართლო სხდომის ნაწილობრივ დახურვის შესახებ მოწმედ დასაკით პირთა ან/და ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობას, პანკისის ხეობის მაცხოვრებელთათვის მისი დახურვის ნაწილში -დაეთანხმა დაცვის მხარე.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა და ნაწილობრივ დახურა მხოლოდ 24 ნოემბრის სხდომა, იმ საფუძვლით, რომ პროცესზე დასაკითხი მოწმეები ცხოვრობენ იმავე რეგიონში (პანკისის ხეობა) სადაც ცხოვრობს აიუფ ბორჩაშვილი და მისი ოჯახის წევრები. ამასთან, დადგენილია, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმების გარკვეული ჯგუფის „ჯამაათის“ ხელმძღვანელი – ემირი. საქმის მასალებით ირკვევა ის ფაქტიც, რომ ‘’ჯამაათის’’ წევრები ემორჩილებიან და პატივს სცემენ მას. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ 24 ნოემბრის სხდომაზე დასაკითხმა მოწმეებმა შესაძლოა სასამართლოს მიაწოდონ ა.ბორჩაშვილის მამხილებელი ხასიათის ჩვენება, რასაც შესაძლოა სხდომაზე დამსწრე ე.წ „ჯამაათის“ წევრთა განაწყენება და გულისწყრომა გამოეწვია. აღნიშნულით კი, არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმეზე დასაკითხ პირებსა და “ჯამაათის” წევრებს შორის მომხდარიყო კონფლიქტი, რაც ნეგატიურ შედეგებთან იქნებოდა დაკავშირებული. სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას, ზემოთაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა საქმის სპეციფიკა, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ტერორიზმით გათვალისწინებული დანაშაულებები. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო, საზოგადოების მაღალი ინტერესი, პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოება, კონკრეტულად მოწმედ დასაკითხი პირების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, აღნიშნულის გათვალისწინებით, პროცესის ნაწილობრივი დახურვა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას დისკრიმინაციად.

თბილისის საქალაქო სასამართლო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვს საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მეტი წინდახედულობა გამოიჩინონ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატია“ჯიბლიბო ამოგივათ თვალზე ან ცხვირი გაგეზრდებათ” – ლორთქიფანიძე-მეჭიაური ,,ნაცმოძრაობას“