თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა. მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ (გურიკა) დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების ნაწილმა ადგილზე დაკარგული ბიჭის მამიდის გამოჩენა გააპროტესტა.
დაპირისპირების მიზეზებზე დაკარგული მოზარდის დეიდამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამიდასთან სერიოზული კითხვები არსებობს:
„მამიდასთან მაქვს კითხვები, სად იყო 12 წელი, ახლა ამ აქციაზე რომ გამოჩნდა? დგას და ხალხს ეკითხება — რომ მოხვედით, რა გააკეთეთო? ჩემი მოძიებული ინფორმაციით, მამიდა იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გურიკას შეგნებულად უვრცელებდა არასასურველ ინფორმაციებს. ეს კითხვა დაუსვით, სად იყო 12 წელი და რა მიზანი აქვს ახლა“, — განაცხადა ტვ პირველის ცნობით, დაკარგული მოზარდის დეიდამ.
გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. ოჯახი მხარდამჭერებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას იმ ფონზე მართავს, რაც საქმე დუშეთის პოლიციიდან თბილისის მთავარ სამმართველოს გადაეცა. 17 წლის მოზარდი 2014 წელს, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე ყოფნისას გაუჩინარდა.














