ენგურის ხიდზე ამ წუთებში აქცია მიმდინაროებს. დრანდის ციხეში დაკავებული გიორგი ლუკავას ოჯახი და ენმ-ს ახალგაზრდული ფრთა ხელისუფლებისგან გიორგი ლუკავას საქმესთან დაკავშირებით პასუხს ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, როგორც ოჯახს ასევე საზოგადოებას რა ვადებში მოხდება დრანდის ციხიდან ქართველი პატიმრის დახსნა.
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ლუკავას საქმესთან დაკავშირებით გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე რეალური შედეგების მიღწევა არ ხდება, რუსი ოკუპანტები ქართული მხარის მოთხოვნებს არასოდეს არ ითვალისწინებენ, ამიტომ საჭიროა აღნიშნული საკითხის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გადატანა და უფრო მეტი პრინციპულობის გამოჩენა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი IPRM-ის შეხვედრაზე მიღწეულ შედეგებს ენგურის ხიდზე დაელოდებიან და თუ შეხვედრის მონაწილეებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს მათ ხიდზე გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.