“საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას თუ წარმოადგენს, მას მხარს დავუჭერ, რადგან პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია “

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარუდგენს, მას მხარს დაუჭერს.

მდინარაძის თქმით, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით გუნდის პოზიცია მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დარწმუნებულია, გუნდიც იგივე აზრზე იქნება.

„გუნდის სახელით ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მგონია, გუნდს ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია. თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ და ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება, რადგან ის არის ღირსეული კაცი და პროფესიონალი“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ თავის დროზე, ირაკლი შოთაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, როცა თანამდებობიდან გადადგა.

„როგორც პროფესიონალს და ღირსეულ კაცს, მე მას მხარს დავუჭერ. ჩემი აზრით, თავის დროზე ირაკლი შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, რადგან მან განცდაც კი არ დატოვა, თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა კითხვა მისი მისამართით, რომ ის შეუშლიდა ხელს გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და ამ გზავნილით თქვა, ყველა სკამი და თანამდებობა არის დროებითი და თანამდებობის დატოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, გამოძიება მიდის, როდესაც კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს კანდიდატი ამ თანამდებობაზე. მას ძალიან კარგად ვიცნობ და შემიძლია, თავისუფლად ვისაუბრო მისი, როგორც პროფესიონალი იურისტის კვალიფიკაციაზე, ამიტომ მე მას მხარს დავუჭერ“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.

საპროკურორო საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის ცხრა კანდიდატია წარმოდგენილი.

banner
წინა სტატიაშიმატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაქუთაისმა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა