საფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ტელეკომპანიის თავზე დაფრინავდა, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის

საფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით იყო „ამოუცნობი“ და ტელეკომპანიის შენობის თავზე დაფრინავდა, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს ატარებს – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა „ამოუცნობი“ საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ გადაფრენებს ტელეკომპანიის შენობის თავზე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი (Cessna 172) ეკუთვნის ისრაელის ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით. მუშაობა მიმდინარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ციფრული აეროგადაღებების პროდუქტებისა და ფოტორეალისტური 3D მოდელის შესაქმნელად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 16 მაისს მიანიჭა. საავიაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება. ფრენები შეთანხმებულია თავდაცვის სამინისტროსთან“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგაზეთ „ ქრონიკა + “ -ის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა – ერთმა ახალგაზრდამ გონება დაკარგა