20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია – Intelligence Online

დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგული გამოცემა Intelligence Online-ის ინფორმაციით,  საქართველოდან საფრანგეთმა დაზვერვის აგენტები გაიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.

ცნობისთვის, გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება მას გამოძიება, თუმცა გაკეთდა მკაფიო მინიშნებები იმის შესახებ, რომ მას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად.

გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ, მალევე გასაჯაროვდა სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება, საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში გადაღებული კადრები, რომლებზეც ორი ადამიანის კომუნიკაციაა ასახული – სახეები ამ ვიდეოში დაფარულია. ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე ძალოვანი უწყებების კოორდინატორმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ სუსის ხელმძღვანელს საჯაროდ სთხოვა ამ ვიდეოს საზოგადოებისთვის ჩვენება, რომელშიც, მისივე აღწერით, ჩანს,”როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს”.

8 მაისსვე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არსებობს არაერთი ასეთი ჩანაწერი, ევროპის იმ ქვეყნებს კი, რომლებიც, მისი თქმით, “დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით” ახორციელებენ, მიმართა, “გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ, საკმარისი უნდა იყოს”.

banner
წინა სტატიაში“საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე”-კობახიძე მარკო რუბიოს პასუხობს
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: კანადაში გამართულ შეხვედრებზე უსაფრთხოება და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს