საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ურჩია, ჯერ უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს და შემდეგ ახლო აღმოსავლეთის საკითხები გადაჭრას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ასე უპასუხა ბარომ რუსეთის მიერ კიევზე 17 ივნისის ღამეს განხორციელებულ მასობრივ კომბინირებულ იერიშს.
„სასიკვდილო თავდასხმა უკრაინაზე ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ, რომლის სისასტიკესა და ცინიზმს საზღვარი არ აქვს. კრემლს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება სურს: დაიწყეთ უკრაინით“, – დაწერა ბარომ.
მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.
ბოლო ინფორმაციით, კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და თითქმის ასი დაშავდა. დაღუპულები არიან ოდესაშიც.