25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“მივესალმებით ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს.

კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონალურ და ევროპულ სტაბილურობას.

2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები.

შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას“, – ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთანაა დაკავშირებული, განპირობებულია „ნაციონალური მოძრაობის“ „მოღალატეობრივი პოლიტიკით“
შემდეგი სტატიასაბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე გამოკითხვაზე დაიბარეს