საპოლიციო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით – შსს-ს ცნობით 26-27 იანვარს სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

მიმდიანრე წლის 26-27 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოვლინდა. მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 9 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) – ერთი ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – ორი ფაქტი;

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ს 353-ე მუხლი) – სამი ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – ერთი ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – სამი ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – ხუთი ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – ერთი ფაქტი;

ასევე, პოლიციამ ორი ძებნილი პირი დააკავა.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის, ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) – 28 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) – ცხრა ფაქტი;

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) – 21 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) – 13 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: ორი პისტოლეტი, ორი შაშხანა, ერთი რევოლვერი, ერთი გადაჭრილი სანადირო თოფი, სამი სანადირო თოფი, სამი ხელყუმბარა, ერთი დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია: სამი შეკვრა ჰეროინი, ერთი შეკვრა „ბიო“, 100 აბი „გერალგინი“, ერთი შეკვრა ამფეტამინი; ერთი შეკვრა „მდმა“ და სხვა.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკაბელების საქმეში ბრალდებული: ველოდი,რომ პრეზიდენტი შეგვიწყალებდა
შემდეგი სტატია29 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს