საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი პირველი მოსმენით განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კანონის მიღების შემთხვევაში წყლის ყველა ობიექტის კლასიფიკაცია ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით მოხდება. შემუშავდება წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამები და მოწესრიგდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე წყლით დაბინძურების საკითხი. ასევე, ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე დაინერგება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომები.

საკითხის მომხსენებლის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ახალი კანონით დადგინდება წყლის რესურსების მართვის ახალი პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს წყლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. მისივე თქმით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს წყლის მდგრად გამოყენებას, უზრუნველყოფს წყლის რესურსების ინტენსიურ დაცვას და მის გაუმჯობესებას.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს შევასრულოთ მნიშვნელოვანი ვალდებულებები ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ვინაიდან ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ასოცირების შეთახმებაში სწორედ წყლის რესურსების მდგრადად და სწორად მართვის საკითხებს ეხება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ კანდიდატი წევრის სტატუსზე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში და უკვე კონკრეტული კითხვარის წარდგენის ვალდებულება გვაქვს, ამ კანონის განხილვა და მიღება იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშიკიევის რეგიონში ორი მეტყევე ნაღმზე აფეთქდა – ერთი მათგანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში ფასების ზრდის მიზეზად ორ ფაქტორს, კორონა ვირუსსა და ვლადიმირ პუტინს ასახელებს