საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

2022 წლის 1 სექტემბრამდე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსებისა და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის განსხვავებული (საგამონაკლისო) წესი და ვადები განისაზღვრება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, 2022 წლის 1 სექტემბრამდე, გამონაკლისის სახით, გადასახადის გადამხდელებს მიეცემათ უფლება, საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.

„დასაშვები ხდება თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერის სახით დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე სტიკერის დაკვრა შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით არის გამოწვეული.

„საქართველოში სიგარეტის იმპორტის 80% უკრაინიდან ხორციელდება, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, შეუძლებელი გახდა პროდუქციის აღნიშნული სახით შემოტანა“, – აღნიშნა ფინანსთა მინიტრის მოადგილემ.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშიფინეთი რუსულ ვერტმფრენს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსებისთვის უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვას გეგმავს – Bloomberg