საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის წლიურ ანგარიში განიხილა

????????????????????????????????????

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში განიხილა და მის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ანგარიში პარლამენტში წარმოდგენილია ვადების დაცვით. „377 გვერდიან დოკუმენტში ასახულია ყველა ის მიმართულება, რაც უნდა დაფაროს ეროვნულმა ბანკმა. ეს არის მაკროეკონომიკური გარემო, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა, საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობა, ასევე, ზედამხედველობა საგადასახადო სისტემებზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, შიდა აუდიტი, ნორმატიული სამართლებრივი ბაზა, სტატისტიკური ინფორმაციები მაკროეკონომიკური გარემოდან დაწყებული დამთავრებული სტატისტიკური ინფორმაციებით. ყველა ეს დეტალი არის ამ ანგარიში აღწერილი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ სხდომის დაწყებისას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ 2021 წელს მონეტარული სფერო იყო და სამწუხაროდ წელსაც არის მთავარი გამოწვევა საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის.

„2019 წელს გვქონდა7 %-იანი წლიური ინფლაცია, 2020 წელს 2,4 %-იანი ინფლაცია და მაშინ მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ კომუნალური ხარჯების დაფინანსება მოახდინა. 2021 წელს ინფლაცია იყო 13,9 %, ხოლო 2022 წელს, ბოლო მონაცემებით ინფლაცია გვაქვს 12,8 %“.- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, წარადგინა.

კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მანდატს და ძირითად ამოცანას – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას.

„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ინფლაციის ზრდა გამოიწვია და ვრცლად ისაუბრა ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გადადგა.

„ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. მისივე თქმით, ფინანსური სტაბილურობა ის უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაზეც ეროვნულ ბანკია პასუხისმგებელი და რომელიც ყველაზე მეტადაა მგრძნობიარე არაპროგნოზირებადი გარემოსა და ფაქტორების მიმართ.

„გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნული ბანკის გუნდმა ხანგრძლივი დისკუსიების, სცენარების შეფასების, ანალიზის შედეგად მიიღო, სწორედაც რომ ამ სიტუაციის შესაფერისი იყო, ანუ, არ იყო რადიკალური – ინფლაციის კონტროლი რეფინანსირების განაკვეთის მატებით ხდებოდა, მაგრამ ეს მატება იყო ფრთხილი და მოზომილი, ისე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესს არ დასწოლოდა, მაგრამ ინფლაციის კვლავ შემცირების პერსპექტივა მაინც შენარჩუნებულიყო. დღეს ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია, ქვეყანამ გაიარა ურთულესი პანდემიის პერიოდი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ანგარიშის წარდგენისას, მან ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ისეთ ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს, რომლებიც მოსახლეობისთვის მეტი ინოვაციური სერვისის მიწოდებას და სხვადასხვა ტექნოლოგიური დარგის განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა მომხსენებელმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. „ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას დაცული იყოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მომხსენებელმა, კომიტეტის წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები გააცნო და აღნიშნა, რომ ისინი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებენ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის წლიური ანგარიშის“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა