საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს პარალამენტის წევრების სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და საკითხის მომხსენებლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში მედიის და პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. ასევე, დაბალია მედიის თავისუფლების პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი. მისივე თქმით, საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-საგან. მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია.

„დემოკრატიულ ქვეყნებში ითვლება, რომ მედია დამოუკიდებლობის საგადასახადო შეღავათებს გზით ხელშეწყობა, არის სწორი პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან. როდესაც ზოგადია შეღავათი და ეხება ყველა მედია საშუალებას და არ არის სელექციური, მსგავსი ხელშეწყობა არის მომგებიანი ქვეყანაში თავისუფალი მედიის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მედიისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესება სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„თქვენი დაანგარიშებით, ამ შეღავათით წლიურად დაახლოებით 25 მლნ. ლარი უნდა დაკარგოს სახელმწიფო ბიუჯეტმა, სამი წლის განმავლობაში – 75 მილიონი. ამ 75 მლნ. ლარით ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება. შეგვიძლია ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, დახმარებები გავუზარდოთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომიტეტმა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

banner
წინა სტატიაში„გარდიანის“ ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს
შემდეგი სტატიავერავითარი სიმულიანტობა, თვითდაზიანება, თუ მსგავსი რამ ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი – კობახიძე