საპენსიო ფონდი – ლევან სურგულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მყარი არგუმენტები წარუდგინა

საპენსიო ფონდის დირექტორი ლევან სურგულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სტატუსით მიიწვიეს. სურგულაძე მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხებს.

როგორც საპენსიო ფონდში აცხადებენ, ლევან სურგულაძემ აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდის შენატანი ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო და ამას კონსტიტუციაც ითვალისწინებს.

„ეს არის ნახევრად სავალდებულო ჩართულობა, სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ასაკის კატეგორიისთვის. ეს სავალდებულოა ყველა ქვეყანაში როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, ასე რომ, იძულებითი არის ტიპური მოვლენა, რადგან ადამიანები არ არიან ინფორმირებული ამ სახის სიკეთეებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება და კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გარკვეული იძულება”, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მისი თქმით, ფონდში შეტანილი თანხა შეუძლებელია ისე გაუფასურდეს, რომ ყოველთვიური 275% გადაწონოს.

„საპენსიო თანხების ინვესტირება ხდება, შესაბამისად თანხას ერიცხება გარკვეული სარგებელი და ეს სარგებელი ინფლაციას დაარეგულირებს. ვვარაუდობთ, 7-8 პროცენტამდე იქნება სარგებელი, იმ შემთხვევაში კი თუ ინფლაცია გაიზრდება, გაიზრდება ამონაგები იმ ინსტრუმენტიდან, რა ინსტრუმენტშიც მოთავსებულია ეს თანხები“, – ამბობს სურგულაძე.

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ორი ორგანიზაციის სარჩელს განიხილავს, რომლებიც საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალბატონებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.

პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის 40 წელი შეუსრულდათ, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე შეეძლებათ.

ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანმა საძინებლიდან შემთხვევით Facebook Live ჩართო (ვიდეო)
შემდეგი სტატიააშშ “თიბისი ბანკის” საქმის მსვლელობას ყურადღებით აკვირდება – აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი TBC-ზე