საპატრულო პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში მეოთხე პირიც დააკავა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 8, 2020 10:39

საპატრულო პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში მეოთხე პირიც დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური
დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით
დაკავებულია ამავე დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი – 1978 წელს
დაბადებული რ.ჩ.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად,
რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე
დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს
დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი
სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ
დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და
„დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან
შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 8, 2020 10:39