საპატრულო პოლიციამ ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი – 2004 წელს
დაბადებული გ.ხ. და 2003 წელს დაბადებული გ.ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე,
თბილისში დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ გლუვლულიანი სანადირო თოფითა და ცივი იარაღით
შეიარაღებულმა ბრალდებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში
ძალადობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარი“-ის მოლარეებს თანხა
მოსთხოვეს, ხოლო ბრალდებულმა გ.ხ.-მ მაღაზიაში შესვლისთანავე იარაღიდან
უმისამართოდ გაისროლა.
გ.ხ.-მ და გ.ბ.-მ მაღაზიის მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს, რის
შემდეგაც მიმალვას შეეცადნენ, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა.
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის იარაღები –
გლუვლულიანი სანადირო თოფი და დანა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – გვესმის განცხადებები, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს ცვლილებები, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი: გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ მოვახდინოთ