დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მედიასთან პირველ კომენტარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გააკეთებს.
“დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხები მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდში მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინმსწრები იქნება ეს შემდგომი სინოდი, გაფართოებული კრების. კრება მოგეხსენებათ 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს მას შემდეგ რაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გარდაიცვალა, ასეა დებულებში.
დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა და ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად დებულების მიხედვით, რაც გააჩნია საქართველოს ეკლესიას.
დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, ამიტომ შესაძლოა ამაზეც [ასაკზეც] იყოს მსჯელობა, თუ დაისვა ეს საკითხი” -ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინოდის სხდომის დაწყების წინ.
ადგილზე „თაიმერის“ კორესპონდენტი აკო ქიქავა იმყოფება. აკო ქიქავას ინფორმაციით, ამ დროისთვის საპატრიარქოში უკვე მივიდნენ მეუფე იაკობი და გრიგოლ კაცია, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საპატრიარქოსთან, წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე „მანქანების შოუ“ დაიწყო. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საპატრიარქოში ძვირადღირებული ავტომობილებით შემოდიან.
ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
სასულიერო პირების შეკრება ამ დრომდე გრძელდება.