საპატრიარქოს განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებული ბერი ფილიპე ფხაკაძე და მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილი საერო სამართლით უნდა განისაჯონ

საპატრიარქოს განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაკავებული ბერი ფილიპე ფხაკაძე და მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს, საერო სამართლით უნდა განისაჯონ. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ სასულიერო პირებს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვთ. საპატრიარქოს განცხადებით, მოძღვრობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს.
”როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს ორი პიროვნება: ბერი ფილიპე ფხაკაძე და გიორგი მეგრელიშვილი. მღვდელმოქმედება აკრძალულმა მღვდელმონოზონმა, ნიკოლოზ (მირიან) მაქარაშვილმა კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს და პრობლემები შეუქმნა სხვა მცხოვრებთაც. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს კითხვით მომართეს მოქალაქეებმა და გვთხოვენ, დავაფიქსიროთ პოზიცია ამ და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი მიიჩნევს, თითქოს სასულიერო პირობა ადამიანს კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
შევნიშნავთ, რომ სამივე მათგანს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვს, რაც შეეხება მათ ამჟამინდელ ქმედებებს, ეს სისხლის სამართლის საქმეებია და საერო სამართლით უნდა განისაჯოს.

ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მოძღვრობა ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტ სულიერ-ზნეობრივ ვალდებულებას აკისრებს; ეს მდგომარეობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს. ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი, ვალდებულია, დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული კანონი და მისი დარღვევის შემთხვევაში აგოს პასუხი”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო – ჩვენ არასწორი წარმოდგენა გვქონდა ნატოსა და ევროსტრუქტურების პოლიტიკასთან მიმართებაში
შემდეგი სტატიარატომ უკვირს საქართველოს ხელისუფლებას თურქეთში აფხაზური გაზეთი?!