საპატრიარქო ეკლესიაში საფლავების განადგურებაზე-17 წლის წინანდელია, თუმცა, არ მართლდება

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიაში ისტორიული ძეგლების განადგურების ფაქტს და წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, 20 ივლისს საპატრიარქოში ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი დაიბარეს.

“როგორც მამა ისე განმარტავს, ტაძარში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებმაც დღეს ასეთი ხმაური გამოიწვია, 17 წლის წინ დასრულდა. გარდა ამისა, ასევე დეკანოზის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტაძრის ინტერიერის ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები (ე.წ. მეტლახი). სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.

თუმცა, აქვე გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს; დეკანოზ ისე არზოხაშვილს თავის დროზე ნებართვისთვის არ მოუმართავს არც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად”. – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საპატრიარქოს ხურუთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, დავით მახარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფაქტის დეტალურად შესწავლა მიმდინარეობს.

“უახლოეს დღეებში საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისიის მიერ განისაზღვრება კონკრეტული დრო და ქმედებები, თუ როდის და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა და აღმოიფხვრას ყველა დარღვევა”. – წერს საპატრიარქო.

თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა 19 ივლისს სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა ფოტოები, რომლითაც ირკვევა, რომ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიაში ისტორიული იერსახე განადგურდა. განადგურებულია თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათზე აღბეჭდილი წარწერებიც.

ფოტოებთან ერთად ტიგინაშვილი პოსტსაც აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა და განადგურდა ეკლესიაში. როგორც თეოლოგი წერს, ეს ყველაფერი ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა.

ტაბულა იმავე დღესვე დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე დაუყონებლივი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

“ალბათ, უახლოეს პერიოდში ამ საკითხს დავაყენებთ საპატრიარქოსთან, რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ეს მავნე პრაქტიკა”. – განაცხადა სააგენტომ.

banner
წინა სტატიაშიწუწუნავას ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
შემდეგი სტატია“„კოვიდ-19“-ით დაზარალებულ სფეროებს ახალი პროექტებით დავეხმარებით”