საპარტნიორო ფონდსა და ესპანურ კომპანიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საპარტნიორო ფონდსა და კომპანია – NATIVE GEORGIAN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საქართველოში დაიწყება მსოფლიოში ცნობილი ბრენდის – ჰამონის წარმოება. ჰამონი სპეციალური შავი ფერის ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელსაც მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში აწარმოებენ და მსოფლიოშია აღიარებული.

მემორანდუმის ფარგლებში, NATIVE GEORGIAN ადგილობრივ ფერმერებთან ერთად შექმნის ღორების ფერმას, ერთს კახეთში და მეორეს რაჭაში, ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით. კომპანია გეგმავს, 1.200 შერჩეული დედა ღორის მოშენებას 6 წლის მანძილზე. კომპანია აპირებს საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას.

„ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. მათ გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან უგემრიელესი ლორის წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს. ესპანელი ბიზნესმენები საქართველოში უკვე რამოდენიმეჯერ იყვნენ, მათ შემოიარეს მთელი ქვეყანა და ლაბორატორიულ დონეზე შეისწავლეს ადგილობრივი ღორის ჯიშები. სასიხარულოა, რომ საქართველოში აღმოჩნა ისეთი ჯიშები, რომლებიც ესპანურ ღორის ჯიშის გენოტიპთან იდენტურია. პროექტის განხორციელება კიდევ უფრო სასიხარულოა, რადგან იგი რეგიონებზეა გათვლილი და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გამოაცოცხლებს ეკონომიკურ ცხოვრებას და მოსახლეობის შემოსავლებს გაზრდის. აღნიშნული პროექტის წარმატებული განხორციელება მესაქონლეობის დარგის განვითარებას და ხორცპროდუქტების წარმოების ევროპულ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ეკონომიკის გაჯანსაღებას გამოიწვევს,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

NATIVE GEORGIAN-ი ესპანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში ახლად დაფუძნებული კომპანიაა. ისინი ესპანეთში DERAZA IBERICO-ს ფლობენ. ესპანური DERAZA IBERICO მსოფლიოში უმსხვილეს ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიად არის აღიარებული.

ესპანელი ბიზნესმენები, რომლებსაც DERAZA IBERICO-ს დამფუძნებელი რეხინო დიაზ დელ რიოსა ხელმძღვანელობდა კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით საქართველოს მაისის თვეში სტუმრობდნენ. მათ ინტერესებში ქართული ღორის ჯიშების მოძიება და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირება შედის. დავით საგანელიძის ჩართულობით კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონები მოინახულეს, შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს და ქართული ჯიშის ღორებზე მეცნიერული კვლევა ჩაატარეს.

საქართველოში DERAZA IBERICO-ს დელეგაციის ვიზიტი საპარტნიორო ფონდის მიერ ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრის დროს დაიგეგმა. DERAZA IBERICO-ს დამფუძნებელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძრვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდნენ და საწარმოო პროცესი დაათვალიერეს. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან საუბრის და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაცნობის შემდეგ, DERAZA IBERICO-ს წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის გამართვის და ინვესტირების სურვილი გამოთქვეს.

banner
წინა სტატიაშიმედია : დედამიწის უხუცესი ადამიანი 145 წლის არის
შემდეგი სტატიარუსთავი2-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხს უზენაესი სასამართლო 5 სექტემბერს განიხილავს