საპარტნიორო ფონდმა საგანელიძის ძმისშვილის კომპანიას 30 მილიონი დოლარი მისცა

მთავრობა ჰუმანითი ჯორჯიას, რომელიც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ძმის შვილის კომპანიაა, 30 მილიონ დოლარს აძლევს.
“ბიზნეს კურიერის” ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად დეკემბერში იქნა მიღებული. საჯარო განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. თუმცა, მას დავით საგანელიძის ძმის შვილის შესახებ არ უსაუბრია.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის, ძმის შვილი, გიორგი საგანელიძე, ჰუმანითი ჯორჯიას დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ის ჰუმანითი ჯორჯიას სადამფუძნებლო დოკუმენტშიც მოხსენიებულია.

გიორგი საგანელიძე წლების განმავლობაში სადაზღვევო კომპანია არქიმედეს გლობალ ჯორჯიას დირექტორის მოადგილე იყო, მოგვიანებით კი დირექტორის პოსტი დაიკავა. როგორც ცნობილია სადაზღვევო კომპანია ფინანსური პრობლემების გამო 2013 წლის ბოლოს გაკოტრებულად გამოცხადდა და მას სახლმწიფოსა და პროვაიდერი კლინიკების მრავალმილიონიანი ვალი დარჩა.

ჰუმანითი ჯორჯიას ხელმძღვანელი, ანდრი კუზმა, ბიზნესკურიერთან საუბარში ამბობს, რომსაპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ნათესაური კავშირი პრობლემას არ წარმოადგენს.

შეთანხმება საპარტნიორო ფონდთან დაკრედიტების თაობაზე ჰუმანითი ჯორჯიამ გასული წლის დეკემბერში გააფორმა, მაშინ, როცა ფონდს უკვე დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა.

ჰუმანითი ჯორჯიას სტრატეგია ქართულ ბაზარზე იაფი წამლების იმპორტი, მოგვიანებით კი ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა და პრეპარატების ექსპორტზე გატანაა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმინისტრი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიაბათუმში 23 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა