საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრები: გიორგი კახიანი და დიმიტრი ცქიტიშვილი ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობას და განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების მიმართულებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხელისუფლების მთავარ საგარეო მიმართულებასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და ის მიღწევები გააცნო სტუმრებს, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს.

„ჩვენ შევხვდით ლიტვის საპარლამენტო დელეგაციას. ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვანი გეგმა და პრიორიტეტი არის ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაახლოვება. ჩვენ გვაქვს ხელშესახები მიღწევები, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი ევროპასთან. ასევე, გაზრდილია ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა. ჩვენს კოლეგებთან განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საერთაშორისო-ეკონომიკური და საერთაშორისო- სამართლებრივი უსაფრთხოების სფეროებში,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განსაკუთრებული როლი აქვს და რომ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით საქართველო ლიდერი ქვეყანაა.

„განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განსაკუთრებული როლი აქვს და ეს განსაკუთრებულად პრივილეგირებული როლი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველო რეგიონის ლოკომოტივი გახდეს და ამაში ლიტვის სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს,“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, პოლიტიკური პროცესების და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის განცხადება
შემდეგი სტატია№17 თელავის და №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევის გამო რაიონულმა სასამართლომ ორი პირი დააჯარიმა