საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს.

ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, შესაბამისად, უმრავლესობა სატელევიზიო დებატებისთვის მზად არის.

„გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში დატოვა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი, მან თავი აარიდა იმ შეკითხვებს და კრიტიკას, რომელიც პარლამენტში შესაძლოა, მის ანგარიშთან დაკავშირებით ყოფილიყო.

ასევე, ანგარიში იყო ძალიან მოკლე. ჩვენ ვერ მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც მისი საქმიანობის, ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

პრეზიდენტმა პირდაპირ მიუთითა პარლამენტს, რომ დაგვერღვია კანონმდებლობა და დაგვერღვია პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, იმ მოტივით, რომ მას არ ეძლეოდა საშუალება შეკითხვებზე პასუხის გაცემის.

თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენელი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ესწრებოდა პარლამენტის ბიუროს სხდომას, სადაც დეტალურად იყო განხილული პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის მთელი პროცედურა და გეგმა. ეს შეხვედრა გადაიცემოდა ასევე, საჯაროდ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს მის პოზიციას, რომ თითქოს მან სხდომა დატოვა იმის გამო, რომ მისთვის მიუღებელი იყო დებატების პროცედურა, რომელიც რეგლამენტით არის დარეგულირებული.

შესაბამისად, თუ საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად სურს, რომ ჩვენს შეკითხვებს გასცეს პასუხი, კითხვა-პასუხის რეჟიმში მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რომლის გამოც რეგლამენტის დარღვევისკენ მოგვიწოდებდა, ვთავაზობთ მას სატელევიზოო დებატებს.

მზად ვართ, უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ დავუსვათ ის კითხვები, ვუთხრათ მოსაზრებები, რომელთა თქმასაც გუშინ ვაპირებდით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, სატელევიზიო დებატების ფორმატი მედიის დასაგეგმი საკითხია.

„როგორი უნდა იყოს ფორმატი, ეს მედიის დასაგეგმი საკითხია. თუ ჩვენს შეთავაზებაზე თანახმაა, მზად ვართ, უმრავლესობის შიგნით ვიმსჯელოთ და ჩვენი წარმომადგენლობა ვუზრუნველყოთ. მისგან პასუხს დაველოდებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : პრეზიდენტი ინტელექტის დეფიციტს არ უჩივის, მაგრამ ვერც ერთ დარგში ვერ ერკვევა
შემდეგი სტატიასესიაშვილი : სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია