საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

მდინარაძის თქმით, ყველაფერი გარკვეულია, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა – 92 ხმა გარანტირებულია.

„ახლა ჯერი არის ოპოზიციის იმ ნაწილზე, ვინც უკვე სათითაოდ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. საუბარია მინიმუმ 25-26 დეპუტატზე, შესაბამისად, ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და რისკი არ არის. ჩვენ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მივიღებთ“, – აცხადებს მდინარაძე.

დეპუტატის ცნობით, უმრავლესობის სხდომაზე დისკუსიის საგანი იქნება „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებიც, რომლის ინიცირება მომავალ კვირას იგეგმება.

„უმრავლესობის სხდომაზე გავივლით „საარჩევნო კოდექსის“ საკითხს, რომელიც პარალელურად, მომავალ კვირას უნდა დარეგისტირდეს. ამ საკითხებს უფრო დეტალურად გავივლით, რომ პოზიციები საარჩევნო ცვლილებებზეც იყოს შეჯერებული“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტი პირველი მოსმენით 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.

ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს განიხილავენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა