საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე ბრალდებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, აფეთქების საქმე სასამართლოსთვის არც კი გადაცემულა.

“ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოჩნდა, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში მთავარი ფიგურანტი ბორის ჩაგუნავა გათავისუფლებულია. მთავარმა პროკურატურამ ამ ადამიანს პირობითი სასჯელი უსწრაფესად დაუმთავრა და ის გათავისუფლებულია პატიმრობიდან მაშინ, როცა მას ასაფეთქებელი ნივთიერებების დიდი რაოდენობა აღმოაჩნდა. პროკურატურა გვპირდებოდა, რომ თარგამაძის საქმეს სასამართლოს იანვარში გადასცემს, რაც არ მომხდარა”, – განაცხადა კანდელაკმა.

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბორის ჩაგუნავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ მიმდინარე წლის 9 თებერვალს ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა.

პროკურატურა სასჯელის პირობითად ჩათვლას არ ეთანხმება და აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გივი თარგამაძის ავტომანქანა ორბელიანის მოედანზე გასული წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად გივი თარგამაძე იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი.

banner
წინა სტატიაშივაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია არასრულწლოვანი
შემდეგი სტატიაკათოლიკოს პატრიარქს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ