საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გზებზე მსჯელობენ.

შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, იმყოფებიან „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და უფრაქციო დეპუტატები, შეხვედრაზე არ იმყოფებიან პარტია „მოქალაქეები“ და „გირჩი“.

როგორც „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით, საქმიან ფორმატში შინაარსობრივი მსჯელობა გაიმართოს.

„ფაქტებზე და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ არანაირი რწმენა არ გვაქვს, რომ ხელისუფლების მიზანია 12 პუნქტის შესრულება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრი.

„გვინდა, ეს იყოს სინქრონიზებული პროცესი – აქცია, პროტესტი, პარლამენტში საქმიანობა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქციის ორგანიზატორებთან კოორდინაცია და მათ შორის „ქართული ოცნებასთანაც“. ამ შეხვედრებით საერთო თანხმობის მიღწევას ვცდილობთ“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თუ ექნება ნება, მაგიდაზე დევს ძალიან ბევრი საკითხი და შეუძლიათ ამ საკითხების გადაწყვეტა.

„იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებას“ ექნება სურვილი და ნება, რაც სამწუხაროდ, გამოირიცხა, მათ შორის კობახიძის განცხადებით, მაგიდაზე დევს ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც ახლავე შეუძლიათ ამ საკითხების გადაწყვეტა. პირველი არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მეორე არის ის კანონები, რომელიც ჯერ კიდევ მიშელის შეთანხმებით იყო განსაზღვრული, კანონმდებლობა, რომელიც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ აღნიშნა, ევროკავშირის 12 პუნქტში ძალიან ბევრი სწორედ პარლამენტის გასაკეთებელია.

„გვთხოვეს აქ შეხვედრა, შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვედით, რათა ვისაუბროთ ჩვენს 12 პუნქტზე, როგორ წარმოგვიდგენია ამის შესრულება და რა არის გასაკეთებელი, კონკრეტული ნაბიჯები. შეხვედრა სწორედ ამას შეეხება. ალბათ იქნება შეკითხვები ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით, რაში რას ვგულისხმობთ და დანარჩენი არის პოლიტიკოსების გასაკეთებელი, რადგან 12 ნაბიჯში ძალიან ბევრი სწორედ პარლამენტის გასაკეთებელია“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიძალიან გვინდა, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს – ვინიკოვი
შემდეგი სტატიარუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლის მცხოვრებლებს საცხოვრებელ სახლებს „უსასყიდლოდ“ აღუდგენს