საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი იმის დადგენა უნდა იყოს, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინეს პროკურატურამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა

საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რამე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინა პროკურატურამ, პროკურატურის წარმომადგენლებმა ამ დანაშაულის გამოძიების დროს; რატომ არ წავიდა გამოძიება ასევე სხვა ვერსიების მიმართულებით და ხომ არ იკვეთება მათ ქმედებებში გადაცდომა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მას ზედამხედველობა სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა გაუწიოს.

„გუშინ სასამართლომ დაადასტურა ის, რომ გამოძიებამ ვერ გამოავლინა მკვლელი დავით სარალიძის შემთხვევაში. ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს საპროცესო მოქმედებებს, ისე, როგორც კანონშია გაწერილი; გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. ეს უნდა ყოფილიყო გამოძიებული უფრო ადრე და მალე. გამოძიება უნდა წასულიყო იმ მიმართულებით, რომ გამოკვეთილიყო ვინ იყო მკვლელობის მონაწილე სხვა პირი. დაუყოვნებლივ არის გამოძიება დასაწყები.

რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას, ვფიქრობ, საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რამე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინა პროკურატურამ, პროკურატურის წარმომადგენლებმა ამ დანაშაულის გამოძიების დროს; რატომ არ წავიდა გამოძიება ასევე სხვა ვერსიების მიმართულებით და ხომ არ იკვეთება მათ ქმედებებში გადაცდომა.

ეს არის რეალობა, ეს არის მოქმედი კანონმდებლობა, ვერცერთი სხვა მექანიზმი შსს-ს გარდა ვერ ჩაანაცვლებს გამოძიებას. გამოძიება უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუმცა ზედამხედველობა საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს საგამოძიებო კომისიით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სალარიძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ენგურჰესმა“ მუშაობა განაახლა