საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანახელმძღვანელთან, კონგრესმენ ადამ კინზინგერთან, ასევე, კონგრესმენებთან სტივ შაბოსთან, დევიდ სისილინთან და დონ ბეიკონთან.

საუბრის ძირითადი საკითები იყო უსაფრთხოება და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება. პარლამენტის წევრებმა ამერიკელ კონგრესმენებს სთხოვეს, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საქართველოს ლობირებაში, რათა გაწევრიანების პროცესი მალე დასრულდეს.

შეხვედრებზე რეგიონში არსებული მძიმე ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

განიხილეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები. აღინიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების მხრივ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა რეგიონში და რომ საქართველო იმსახურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლაში, რუსეთის აგრესიული გეგმების წინააღმდეგ.

დელეგაციის წევრებმა კონგრესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის და მისი გეგმების შესახებ, რომ დაამყაროს სრული კონტროლი პოსტ-საბჭოთა სივრცეზე.

ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ აღუთქვეს დახმარება ქართულ მხარეს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში და აღნიშნეს, რომ ისინი ძალიან აქტიურად იმუშავებენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„კარგი შეხვედრა გვქონდა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მათთვის,“ – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

„სუვერენულ ქვეყნებში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის სტრატეგიის განსახილველად საქართველოს წარმომადგენლებს დავით ბაქრაძეს, ირაკლი ბერაიასა და ნიკოლოზ სამხარაძეს შევხვდი. სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა შეჭრა ძვირი გავხადოთ, სანამ ძალიან გვიან არ არის,“ – განაცხადა დონ ბეიკონმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმე ქუჩაში არ გეძლევით ინტერვიუებს – ზურაბიშვილი ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაწულუკიანი – არ მჯერა სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის, დღეს მათ მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჰარმონია სურთ