იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდა. გარდა ამისა, დღესვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან ლეო XIV-სთან. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იყო. კარდინალი პიეტრო პაროლინი ამ ურთიერთობებში არსებული პრობლემატიკით დაინტერესდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების, ისე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
დღესვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან ლეო XIV-სთან.
შეხვედრებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი მონაწილეობდნენ” – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.















