საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომებში ონლაინ ფორმატით მონაწილეობს

14 – 17 მაისს შვედეთის ორგანიზებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ონლაინ ფორმატში იმართება. სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

პირველ დღეს, სესიას სიტყვით მიმართა ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, სადაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. კონგრესმენის განცხადებით, ნატომ უნდა განაგრძოს რუსული ოკუპაციის დაგმობა, მხარი დაუჭიროს ქართველ მეგობრებს, საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მიესალმება მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს სრულად შეასრულონ მიღწეული შეთანხმება.

მან ასევე ისაუბრა ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტისგან საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი მოლოდინი. გამოთქვა იმედი, რომ ნატო-ს მოკავშირეების ლიდერები აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის პროგრესს, მიღწევებს და საბოლოოდ, ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

დისკუსიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრმა გიორგი ხელაშვილმა, ასამბლეის პრეზიდენტ დაუსვა კითხვა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის ალიანსის მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების შემუშავების შესახებ. ქართველი პარლამენტარის კითხვაზე პასუხად, კონგრესმენმა კონოლიმ განაცხადა, რომ იგი საქართველოს, უკრაინასა და ალიანსს შორის ინსტიტუციონალური ინტეგრაციის მომხრეა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს ოპერაციებში და წვრთნებში და შესაბამისად, მოელის მეტ ინტეგრაციას ნატო-სთან. მისი თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეძლებს საქართველოსთან ერთად იმუშაოს იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა შვედეთის თავდაცვის მინისტრი პეტერ ჰულტკვისტი, რომელმაც ასევე მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ.

banner
წინა სტატიაშიბოლო მონაცემებით, პალესტინელთა მხარეს 130-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ისრაელის მხარეს – 8
შემდეგი სტატიაგურიის მაჟორიტარი პრემიერთან არ შეუშვეს