საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან

უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა

ეუთო-ს გენერალური მდივნის, ლამბერტო ძანიერის განცხადებით, 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან.

ასე უპასუხა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნას, საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ეუთო-ს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან და პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ეუთო-ს დამკვირვებლებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში ელოდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ უკვე გაგზავნილია მოწვევა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR) და საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია უკვე იმყოფებოდა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სავიზო ლიბერალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რასთან დაკავშირებითაც ქართული მხარე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება.

ამასთან, მთავრობა განაგრძობს რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის მიმართულებით.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და მომხდარზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის სამზადისს, რომელსაც თბილისი 1-5 ივლისს უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაში26 მაისს, თავისუფლების მოედანზე, ამერიკული სამხედრო ტექნიკაც იქნება წარმოდგენილი
შემდეგი სტატიალატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა