დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო, – წერს ორგანიზაცია საფარი სოციალურ ქსელში.
,,საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი გოგონას მუდმივ დევნას და არასასურველ კომუნიკაციას როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში, გოგონას ნების საწინააღმდეგოდ შეხებას გოგონას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.
მოძალადისთვის ცნობილი იყო დაზარალებულის ასაკი, თუმცა მასთან კონტაქტს მაინც ინტენსიურად ცდილობდა. მისი ამ ქმედებების შედეგად ბავშვმა მძიმე ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა, აღარ გადაადგილდებოდა იმ სივრცეებში, სადაც შეიძლებოდა მოძალადეს შეხვედროდა. ბავშვის ეს გამოცდილება ცნობილი იყო მისი მეგობრებისა და მასწავლებლისთვის, რომლებმაც, ასევე, სრული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას.
საქმეს აწარმოებდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი. მისი მონაწილეობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დღეს, 13 ივლისს მოსამართლემ ბავშვზე მოძალადე პოლიციელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”,- წერს ორგანიზაცია საფარი სოციალურ ქსელში.















