საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს მოქალაქე დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში უკვე ერთი წელია იმყოფება.

ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა ორი მუხლით აქვს მისჯილი – ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთა და სამხედრო პირზე თავდასხმა.

ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ცენტრალური ხელისუფლება როგორც ჟენევის მოლაპარაკებებზე, ასევე ერგნეთში გამართულ შეხვედრებზე ითხოვს.

ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის.

„ერთი წელი გავიდა და უფრო მძიმეა დღეს ამ ყველაფრის შეფასება. ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა. ბევრი რამ იყო, რაც შეიძლებოდა, გამოეყენებინა, თუნდაც დაკავებული რუსი სამხედროების გათავისუფლება. კი, ხელისუფლება მუშაობს საერთაშორისო მიმართულებით. ბევრი მხარდამჭერი განცხადება იყო ელჩების თუ საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს არაა საკმარისი. ერთი წლის წინაც და ახლაც ოჯახის ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, რომ ზაზა გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს“, – აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: დასრულდეს მკვლელების დიქტატურა!
შემდეგი სტატია“ტვ პირველის” დამფუძნებელი: შედეგი ის რეალობაა, რა რეალობაშიც დღეს გავიღვიძეთ