საოკუპაციო ხაზთან ახლოს ხანძარი უკვე ჩამქრალია

შიდა ქართლში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ხანძარი უკვე ჩამქრალია. სოფელ ფლავისმანიდან ცეცხლის ღია კერები აღარ ჩანს. ადგილზე იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან, თუმცა მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ნახანძრალ ტერიტორიას, გადაიღეს ფოტო მასალაც. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ შეინიშნება ცეცხლის ღია კერები. თუმცა, ამ დრომდე არის კვამლი.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა სოფელი ფლავისმანი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

„ადგილზე მისვლის შემდეგ მხოლოდ კვამლს ვხედავთ, მეხანძრეებსაც ვესაუბრეთ და მათ დაგვიდასტურეს, რომ ცეცხლი ლოკალიზებულია. ჩვენ გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც გადავალთ, რათა იქ არსებული ვითარება შევისწავლოთ. გასულ ღამეს ქართული მხარის ინიციატივით გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი, ხანძრის გავრცელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით,“ – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.

ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ე.წ. საზღვართან ახლოს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართველი მეხანძრეების რამდენიმე ბრიგადა მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული.

გუშინ ქართულმა მხარემ ევროკავშირის მისიის მეშვეობით, საოკუპაციო რეჟიმს საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობით სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე დემირელის კოლეჯის დახურვას მწვავე შეფასებას აძლევს და მას დანაშაულს უწოდებს
შემდეგი სტატიაიაპონია ამერიკისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემებს შეიძენს