წალენჯიხის მუნიციპაიტეტის, სოფელ ფახულანს, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის და გამშვები პუნქტია, 2013 წლიდან საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსი მიენიჭა.
მერის მოადგილე, თამარ ბელქანია “თაიმერთან” საუბრისას განმარტავს, რომ ამ სტატუსის მიხედვით, აქ მცხოვრებ სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ. საუბარია, ყველა სტუდენტზე, რომლებიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფახულანში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ.
“იყო პერიოდი, როდესაც სოფელს სტატუსი, სტუდენტებს კი დაფინანსება შეუწყდათ, თუმცა, უკვე მესამე წელია, რაც ეს სტატუსი სტუდენტებს და სოფელს აღუდგა. საგულოსხმოა ის, რომ როდესაც (თავის დროზე) სიების გადამოწმება დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ სტუდენტების უმრავლესობა, რომლებიც ამ დაფინანსებით სარგებლობდნენ, არც ფახულანში ცხოვრობდნენ და არც სოფლის სკოლაში უსწავლიათ. შესაბამისად, გადაწყდა, რომ განათლების სამინისტრო, რეინტეგრაციის სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, იწყებს ამ სიების გადამოწმებას და დადასტურებული სიების შემდეგ, დაიწყება მათი რეგისტრაცია”, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.
როგორც მერის მოადგილე განმარტავს, სტუდენტების რეგისტრაციის ფორმატმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რომლის მიხედვითაც: მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება შესაბამისი ბმული, სტუდენტებს შეეძლებათ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რეგისტრაცია გაიარონ.
“ჩვენ ისიც გავითვალისწონეთ, რომ ცალკეული უნივერსიტეტები, წინასწარ ითხოვენ სწავლის საფასურის დაფარვას, ამიტომ, ჩვენ თხოვნით მივმართეთ განათლების სამინისტროს და რეინტეგრაციის სამინისტროს, მას შემდეგ, რაც სიები დადასტურდება, თავად ჰქონოდეთ კომუნიკაცია უმაღლეს სასწავლებლებთან, რომ სტუდენტებს და მათ მშობლებს, სწავლის საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით, პრობლემა არ შექმნოდათ. ამ ეტაპზე, ყველა იმ სტუდენტს, რომლებიც ფახულანიდან არიან, ბოლო სამი წლის მანძილზე აქ ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ თუნდაც, მხოლოდ მაღალ კლასებში და ასეთია, 252 სტუდენტი, მათ სახელმწიფო დაუფინანსებს სწავლის საფასურს და არ არის საჭირო, არც სარეკომენდაციო წერილი მუნიციპალიტეტიდან და არც წინასწარ თანხის ჩარიცხვა, რადგან ორივე სამინისტროს, თავად აქვს კომუნიკაცია უმაღლეს სასწავლებლებთან. ეს ის უმაღლესი სასწავლებლებია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აქვთ აკრედიტაცია. ჩვენთვის, უმნიშვნელოვანესია საოკუპაციო გამყოფ ხაზზე განათლების მხარდაჭერა, ამიტომაც, ეს პროექტი, ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მონაპოვარია”, – აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
მზეკო ჟვანია