სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს.
ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს აუგებენ, შემდეგ კი, ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ანდრია პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც, 13:00 საათისთვის გარდაცვლილ თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე გადაასვენებენ და დაკრძალავენ.
გარდაცვლილის ძმის, ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, ოჯახს ერთადერთ მოთხოვნა აქვს, რომ მოხდეს დამნაშავეების სათანადოდ დასჯა.
„ურთულესი დღეა ჩვენთვის. ვინაიდან ჩემი ძმა ეკლესიის დიდი პატივისმცემელი იყო და იმ შემთხვევის დროს სწორედ ლომისის სალოცავში მიდიოდა სანთლების დასანთებად, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ დაკრძალვამდე მისი გადმოსვენება მომხდარიყო გორის საკათედრო ტაძარში, სადაც წესს აუგებენ და პანაშვიდს გადაუხდიან. ამის შემდეგ გადავასვენებთ სოფელში და დავკრძალავთ. ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, მოხდეს დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა“, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა.