“ამერიკის ხმასთან” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს. უწყება ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება, განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებშია.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს”, – ამბობს “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა გასულ კვირას თქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა პრობლემაა, და რომ ამიტომაც ჩადის ყაზახეთში, საქართველოში, სომხეთში და სხვაგან.
“ჩვენ ვნახეთ, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები და თქვა – ჩვენ არ დავუშვებთ ამ [პროდუქციის] რეექსპორტს. ყაზახეთმა პროცედურების სრულიად ახალი ნაკრები შემოიღო. არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზადაა იმოქმედოს, როდესაც ის კონკრეტული ინფორმაციის წინაშე აღმოჩნდება და რიგი სხვა ქვეყნები იწყებს პროცესების დანერგვას”, – განაცხადა “ამერიკის ხმის” ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.
საუბარია ელექტრონიკის ექსპორტსა და რეექსპორტზე, რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს და რომელთა გამოყენება რუსეთს სამხედრო მიზნებისთვის შეუძლია.