ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის სხდომის დაწყებამდე ირანთან დაკავშირებით უმწვავესი განცხადება გააკეთა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თეირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, ვაშინგტონი მოლაპარაკებების მიმდინარე ტემპით უკმაყოფილოა და ირანის ხელისუფლებას სხვა არჩევანი უბრალოდ არ გააჩნია.
ტრამპმა პირდაპირ აღნიშნა, რომ აშშ პოზიციების დათმობას არ აპირებს და ირანი ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას ვერც იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე სრულად იტყვის უარს:
„ჯერჯერობით, შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვართ… სანქციების შემსუბუქება არ მოხდება. ისინი თავიანთ მაღალგამდიდრებულ ურანს დათმობენ, თუმცა არა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ირანის მომლაპარაკებელ გუნდს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ აშშ-სთვის სასურველი შეთანხმება დადოს“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლი პროცესების გაჭიანურებას არ დაუშვებს და საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონი „უბრალოდ სამუშაოს დაასრულებს“.

















