სანქციების საკითხში სამი ყველაზე მთავარი პირი ჩამოდის საქართველოში, ეს არის იმის ნიშანი, რომ საქართველომ რუსეთის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, სანქციებზე მომუშავე ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას წინ უძღოდა ამავე ჯგუფის ხელმძღვანელისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება საქართველო, თურქეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ყაზახეთი.
„ჩავიდნენ იქ, სადაც არსებობდა ეჭვი, რომ რუსეთში ხორციელდებოდა საქონლის შეტანა, სანქცირებული საქონლის შეტანა, მათ შორის სამხედრო დანიშნულების, ელექტრონიკის და მიკროელექტრონიკის, რომელიც სამხედრო წარმოებაში გამოიყენება, სწორედ იმ ქვეყნებიდან სადაც მათ ვიზიტი განახორციელეს. დღეს უკვე ისინი სომხეთში იმყოფებიან. რატომ არ ჩადიან ლატვიაში, ლიტვაში ან ესტონეთში. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ამაში ყველაფერი ჩანს. წარმოუდგენლად არის გაზრდილი იმპორტი სომხეთში, ასევე სომხეთიდან რუსეთში.
სანქციების ჯგუფი ჩამოსული იყო საქართველოში და ისინი საჯაროდ არ აცხადებენ, რომ საქართველო არის რუსეთის მხარდამჭერი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სახის, არასაჯარო საუბრებში ეს აღნიშნული არ იყო. თუ კი ეს საჯაროდ ითქმებოდა, ამას მოჰყვებოდა ძალიან მძიმე რეაქცია, ქვეყანა დაზიანდებოდა და ქვეყანა აღმოჩნდებოდა სანქციებია ქვეშ. სანქციების საკითხში სამი ყველაზე მთავარი პირი ჩამოდის საქართველოში, ეს არის იმის ნიშანი, რომ საქართველომ რუსეთის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს“, – განაცხადა გოცირიძემ.