სანიკიძე: ამერიკის შემთხვევაში თქვენ გინახავთ, რომ ნიღბიანები ყოველგვარი ნომრისა და იდენტიფიკატორის გარეშე ძვლებში ლეწავდნენ ჟურნალისტებს?

„ამერიკის შემთხვევაში თქვენ გინახავთ, რომ ნიღბიანები ყოველგვარი ნომრისა და იდენტიფიკატორის გარეშე ძვლებში ლეწავდნენ ჟურნალისტებს? ორმაგი სტანდარტი ზუსტად ეს არის. ნიღაბი ჯერ გაიკეთა პოლიციამ ან ზონდერმა, არ ვიცით, ვინ არის საერთოდ. როგორ არ გვინახავს სპეციალური დანიშნულების რაზმი. არაერთ ქვეყანაშია გამოყენებული, ხომ? მაგრამ გადაცდომა როცა ხდება, მნიშვნელოვანია, რომ იდენტიფიკატორი ჰქონდეს მას, რომ ამოვიცნო, ვინ არის, მათ შორის სახელმწიფომ ამოიცნოს, ვინ არის მოძალადე და დასაჯოს.

ბანდფორმირებები რომ თარეშობდნენ, იმათ ნიღბებზე არ ჰქონდა პრობლემა „ქართულ ოცნებას?“ თქვენ ხომ იცით, რა ნიღბებიც არის, აქციაზე ვინც ყოფილა, ნახავდა ამ ნიღბებს. 30 და 25 წლის, 18 წლის სტუდენტ გოგონებს რომ ფერადი ნიღბები უკეთიათ, იმაზეა საუბარი? და ბანდფორმირება რომ ფეხბურთს თამაშობს ადამიანის თავით რუსთაველის გამზირზე და სახე დამალული აქვს, ის არ არის პრობლემა? ახლა ტრამპს და ამერიკას ნუ ვედრებით. აშშ არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სასამართლოს აქვს ფასი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე იქაც იქნება მსჯელობა.

დონალდ ტრამპი არის ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს დემოკრატიული წესით არჩეული პრეზიდენტი და ირაკლი კობახიძე არის თვითმარქვია პრემიერ-მინისტრი, სხვაობას ვერ ხედავთ? საფრთხეს ქმნიან ნიღბიანები შსს-ს სახელით, კაცმა არ იცის, არიან თუ არა თანამშრომლები, კერძო დაცვის კომპანიები არიან თუ ქუჩის ბიჭები, ღმერთმა უწყის. ისინი ქმნიან ყველაზე დიდ საფრთხეს და არცერთი მათგანი არ არის დასჯილი. ამას სულ გავიმეორებ. რანაირი მომხრეც არ უნდა იყო „ქართული ოცნების“, აი, ყველაზე გულმხურვალე ქომაგი ივანიშვილის ხომ, ამ თვეების განმავლობაში არცერთ პოლიციელს არაფერი დაუშავებია? ერთ პოლიციელს მაინც? რაზეა საუბარი, ვინ ქმნის საფრთხეს, ამას კარგად ვხედავთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „ წამქეზებლებისა და ხშირად პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული. ​ასევე, ამიერიდან ნიღბების ტარება არ დაიშვება საპროტესტო აქციებზე“. დონალდ ტრამპი ლოს ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს Truth Social-ზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მან სამართალდამცველებს ნიღბიანი მომიტინგეების დაკავებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია
შემდეგი სტატიახაზარაძე: შეცდომა არ დავუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში