14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სანდრო რაქვიაშვილი: წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს, ტურისტული სეზონის ჩავარდნას უაზრო ინიციატივებით არ გაამართლებდა

პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და ხელისუფლების განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, წესიერი მთავრობის პირობებში ხელისუფლებას საკუთარი შეცდომების გადასაფარად გაუმართლებელი ინიციატივების წამოყენება არ მოუწევდა.

რაქვიაშვილის შეფასებით, საზოგადოების მხრიდან ოკუპანტი ქვეყნისადმი უარყოფითი განწყობა ბუნებრივია და ამას თავად რუსეთის ქმედებები განაპირობებს.

„რუსოფობიას ყველაზე მეტად თვითონ რუსები უწყობენ ხელს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით. არანაირი პრობლემა არ არის, რომ მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული. ტურისტებს ის უფრო აფრთხობს, რომ თბილისის ცენტრში გზა გადათხრილია. უამრავი ცუდი რამ შეიძლება წაიკითხო იტალიაზე, თუმცა ამის გამო ფლორენციას ტურისტები არ აკლდება. წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს, მას არ მოუწევდა უაზრო ინიციატივების წამოყენება, რომ თავი გაიმართლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნით“, — განაცხადა რაქვიაშვილმა.

„გირჩის“ დეპუტატი ირონიულად გამოეხმაურა ხელისუფლების განცხადებებს ე.წ. „დიფ სთეითთან“ (ღრმა სახელმწიფოსთან) დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უმჯობესია მმართველმა გუნდმა საზოგადოებას კონკრეტული განმარტებები მისცეს.

„ჩვენს ხელისუფლებას იმდენად კარგი ინფორმაცია აქვს ‘დიფ სთეთის’ გეგმებსა და ნაბიჯებზე, ალბათ პირდაპირ კონტაქტზე არიან. უკეთესი იქნება, თვითონ მოგვიყვნენ, ვინ არის ეს ‘დიფ სთეითი’ ან ვინ გასცემს ბრძანებებს. ძალიან საინტერესოა გავიგოთ, რომელმა წარმომადგენელმა უბრძანა ბარამიძეს ამ განცხადების გაკეთება და ვინ ჩაუშალა ქართულ სასტუმროებს ტურისტული სეზონი“, — აღნიშნა პოლიტიკოსმა.

banner
წინა სტატიაში“მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან”- რუსეთის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატია“ბრალს ის ხალხი მდებს, ვინც პუტინის რეჟიმს სარეცელზე უწვება”- ნიკოლოზ რაჭველი