სანდრო გირგვლიანის მამა – ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება თვალწინ ცხადად მიდგას

ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება ცხადად მიდგება თვალწინ, – ასე ეხმაურება სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი kvirispalitra.ge-სთან საუბრისას ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

“ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირს. მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე, სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ეს საქმეც კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წავა. ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ, აბსოლუტურად მესმის მისი მდგომარეობა, ყველანაირად ვუთანაგრძნობ მას. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა. მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვამხრივ ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერდით, ვცდილობდით რომ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა. ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ მას, ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს“, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

banner
წინა სტატიაშიაუციელებელია ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს გაუგებარი გადაწყვეტილება – წულუკიანი
შემდეგი სტატია„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელისუფლება გადაჰყვება ამ საქმეს” – ბურჯანაძე