სანდრო ბრეგაძე: მინისტრი პოლიციის გაღიზიანებას მოერიდა

ივნისის ბოლოსკენ თბილისში შეიძლება დიდი ცემა-ტყეპის მომსწრე გავხდეთ. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში გეიაღლუმის ჩატარებას არ დაუშვებს. მათივე თქმით, ამ აღლუმის ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რათა ლგბტ თემის წარმომადგენლები დაზარალდნენ და ამით დიდი ფული მიიღონ.
გეიაღლუმის ჩატარების წინააღმდეგ ყველაზე მეტად ქართული მარში აქტიურობს. რატომ თქვა გახარიამ ლგბტ პრაიდის დაცვაზე უარი, რას გეგმავენ სამხედროები და პოლიციელები, რა წერილი მიიღეს ცრვენა ზვეზდას გულშემატკივრებისგან, ვინ არღვევს სინამდვილეში ლგბტ პირების უფლებებს? -ამის შესახებ “ახალ თაობას” სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.

_ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო უპრეცედენტო და ეროვნული გადაწყვეტილება. მან უარი განაცხადა გარყვნილების ფესტივალის დაცვაზე.
ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ ქვეყნის წარსულს, ტრადიციებსა და რელიგიას.
ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და არც ის მინდა, რომ ვინმემ ლგბტ თემის წარმომადგენლები გალახოს, მაგრამ პრაიდის ჩატარების უფლებას არავის მივცემთ. ქრისტიანულ სამყაროში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ლიბერასტებმა გარყვნილების ზეიმისა და აღლუმის ჩატარება ვერ შეძლეს.
ამასთან დაკავშირებით მე სერბებისგან, ცრვენა ზვეზდას გულშემატკივრებისგან მივიღე წერილი. ისინი მადლობას გვიხდიან, რომ გარყვნილებს ზეიმი არ ჩავატარებინეთ, ამასთან, გვთხოვენ, რომ არ დავნებდეთ და საქართველოში ასეთი რამე არ დავუშვათ.
_ რამდენიმე კვირის წინ თქვენ შს მინისტრის მიმართ სერიოზულ უკმაყოფილებას გამოხატავდით, რადგანაც მისი უწყება არ ამხელდა, თუ სად უნდა ჩატარებულიყო პრაიდი.
_ ეს არც ახლა არ არის ცნობილი. ფესტივალის ჩატარების ადგილი, რომელიც ერთ კვირას უნდა გაგრძელდეს, დღემდე გასაიდუმლოებულია. ამის შესახებ იცის მხოლოდ შსს-მ.
_ შსს-მ თუ იცის, მათ უსაფრთხოებასაც დაიცავს.
_ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა გეიაღლუმის დაცვაზე. ჩვენ აღლუმის ჩატარებას ვეწინააღმდეგებით. თავისთვის, ოთახში ან კლუბში თუ შეიკრიბებიან, ამას ხელს არ შევუშლით. ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ პროპაგანდის წინააღმდეგი ვართ.
მიხარია, რომ ჩვენს აზრზე დგანან პოლიციელები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების დიდმა ნაწილმა ღიად თქვა უარი გეიაღლუმის დაცვაზე. ამის შემდეგ შსს-მ ოფიციალურად განაცხადა უარი გარყვნილების ზეიმის დაცვაზე.
_ გინდათ თქვათ, რომ გახარიას პოლიციელები აუბუნტდნენ?
_ მთლად ბუნტი არ ყოფილა, მაგრამ ათასობით პოლიციელმა უარი თქვა აღლუმის დაცვაზე. მათთვის ასეთი დავალების მიცემა სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. მინისტრი პოლიციის გაღიზიანებას მოერიდა.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა თქვეს, რომ თუ მათ აღლუმის დაცვას დაავალებდნენ, ისინი ფორმას გაიხდიდნენ, სამოქალაქო ტანსაცმელს ჩაიცვამდნენ და ხალხის გვერდით დადგებოდნენ.
_ პოლიციას ამის უფლება აქვს?
_ პოლიციელიც ადამიანია. პოლიციელსაც აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი. პოლიციელის მოვალეობაა, ებრძოლოს დანაშაულს და დაიცვას წესრიგი.
_ უმცირესობების დაცვაც ხომ მათი მოვალეობაა? უმცირესობის უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც უმრავლესობის.
_ გეთანხმებით, დემოკრატიულ ქვეყანაში თუ ვცხოვრობთ, ყველას უფლება უნდა იქნეს დაცული, ოღონდ ისე არა, რომ ვიღაცებმა თავიანთი აღლუმებითა და ქმედებებით შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს ტრადიციებსა და რელიგიას.
პრაიდი ჯერ არ ჩატარებულა და უკვე დაიწყო ქართველებისა და საქართველოს ისტორიის შეურაცხყოფა. გადის კლიპები, სადაც თმაშეღებილ და კოლგოტკიან მამაკაცს ჩოხა აცვია. ჩოხა ქართველებისთვის მარტო სამოსი არ არის. ის არის ვაჟკაცობის სიმბოლო. ჩოხის შეურაცხყოფით ეს ადამიანები ხალხს აღიზიანებენ.
ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება. ხალხი მაქსიმალურად უნდა გამოიყვანონ წყობილებიდან, რომ მერე, აღლუმის შემთხვევაში, უფრო მძიმე ფორმით მოხდეს მათი დარბევა.
_ ხალხის წყობილებიდან გამოყვანა რაში სჭირდებათ?
_ თავიანთი მიზნების მისაღწევად. რაც უფრო მწარედ მოხდება მათი დარბევა, მით უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ.
იმ ადამიანებს. რომლებიც გეიაღლუმის წინააღმდეგ გამოვდივართ, ჰომოფობებს გვეძახიან და გვაბრალებენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებს ვლახავთ. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მე უფრო მადარდებს ამ ადამიანების ბედი, ვიდრე ამ პრაიდის ორგანიზატორებს.
_ ეგ რანაირად?
_ უკვე გითხარით, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. საქართველოში მრავლად არიან სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც თავიანთთვის ცხოვრობენ. მათ არავინ ეხება. ზოგჯერ ხდება მათზე თავდასხმები, მაგრამ ასეთი რამეებისგან არც ჰეტეროსექსუალები ვართ დაცული.
გარყვნილების ზეიმი, რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს, თითქოს ძალადობის საწინააღმდეგოა. სინამდვილეში ძალადობისკენ უბიძგებს ხალხს. ორგანიზატორებს ყველაზე მეტად უნდათ, რომ აქციის მონაწილეები გალახონ. ამით ისინი სერიოზულ გრანტს მიიღებენ, გეები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები კი დაუცველები დარჩებიან.
გახსოვთ ალბათ ორგანიზაცია `იდენტობა~. მისი ხელმძღვანელი იყო ვაჭარაძე, რომელიც გამუდმებით საქართველოს პატრიარქს ლანძღავდა. ამტკიცებდა, რომ ლგბტ თემის უფლებებს იცავდა. ხმაურიან წერილებს წერდა, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ჩაგრავდნენ. მათ დასაცავად უცხოეთიდან არაერთი გრანტი მიიღო. ეს თანხები არც ერთ ლგბტ პირს არ მოხმარებია. ვაჭარაძემ ეს ფული მოტეხა და საზღვარგარეთ გაიქცა.
ამას გააკეთებენ პრაიდის ორგანიზატორები, ლგბტ თემის წარმომადგენლებს აცემინებენ, ფულს თავად ჩაიდებენ და შეიძლება, ქვეყნიდანაც გაიქცნენ.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ადამიანების დაცვა ჩვენ, ქართული მარშის წევრებს, მოგვიწევს.
_ თქვენ რატომ მოგიწევთ, პოლიცია რისთვის არსებობს?
_ პოლიციამ უარი თქვა აღლუმის დაცვაზე.
_ თუ ადამიანების ცემა-ტყეპა წავიდა, არ ჩაერევა პოლიცია?
_ ასეთ შემთხვევაში ჩაერევა, მაგრამ 100.000 კაცს რომელი პოლიცია გააჩერებს. აქ თუ გეიაღლუმის ჩატარება გაბედეს, იცოდეთ, რომ ქუჩაში 100.000-ზე მეტი ადამიანი გამოვა. ამხელა მასის შეკავებას პოლიცია ვერ შეძლებს. ხალხს ვერც მაშინ გააჩერებენ, თუ ჯარსაც დაუმატებენ. მეტსაც გეტყვით, სამხედროები მზად არიან, გაიხადონ ფორმა და ხალხთან ერთად დადგნენ.
ამიტომ გითხარით, რომ ჩვენ მოგვიწევს ლგბტ პირების დაცვა და ხალხის შეჩერება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრაიდის ორგანიზატორები სადმე იქნებიან მიმალული.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ამ ადამიანების ბედი, მათთვის მთავარია, ფული მიიღონ.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: აუცილებლად გახვალ ბოლომდე და მერე შენი გადასაწყვეტი იქნება დასჯი თუ არა!
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე ელენე ხოშტარიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს