სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ რიყეში მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა რამდენჯერმე სცადეს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ რიყეში საარჩევნო კამპანიის დროს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მტკიცებით, პირები, რომლებიც მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლას ცდილობდნენ, სუს-ის მიერ არიან მართული.

მისივე ინფორმაციით, მათ ადგილზე კოორდინირებას მერიის თანამშრომელი უწევდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალაც წარუდგინა. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ მომხდარათან დაკავშირებით მათ ინფორმაცია პოლიციას უკვე მიაწოდეს.

„გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრას ვაწარმოებდით, სოფელ რიყეში თავს დაგვესხა ზონდერ ჯგუფი. ისინი ყველაფერისთვის მზად იყვნენ, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩვენი გუნდი. ეს ადამიანები იყვნენ სუს-ის მიერ ორგანიზებული ჯგუფები, ჩვენმა მეგობრებმა მოახდინეს მათი იდენტიფიცირება, მას შემდეგ ისენი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი საარჩევნო კამპანია, შევედით ადამიანებთან და მათ ვესაუბრებოდით ძალიან მშვიდად. თავს დაგვესხა ადგილობრივი სუს-ის მაღალჩინოსნის, ლაშა ვეკუას მიერ ორგანიზებული, მეორე მანქანით ზონდერ ჯგუფები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებისას მათ დაჰყვებოდათ ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელ შოთა ბაჯალაძის მანქანა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.

„დაუძველდათ მეთოდები და ხერხები. როცა დარწმუნდნენ, რომ აგებენ, მიმართავენ მსგავს ხრიკებს. ეს არ გაუვათ მათ, ცდილობენ დაიწყონ კონფრონტაციები, შემოიტანონ არეულობა, მაგრამ ყველგან, სადაც ტარდება ახლა არჩევნები, ჩაივლის დემოკრატიულ გარემოში. მოვუწოდებ მათ, დამშვიდნენ. მსგავსი რამეები ჩვენი მხრიდან არ ხდება და არც მოხდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა ლაშა გვასალიამ.

banner
წინა სტატიაში„ანგარიშში ცალსახად არის მითითებული, რომ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაფიქსირებულა“
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა