სანდრა რულოვსი – შეიძლება, ზუგდიდში ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს

შეიძლება, ზუგდიდში ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს, – განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, რომელიც ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში იყრის კენჭს.

„ბრძოლაში შესვლისთვის მზად ვარ. ძალიან მიხარია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის 12 პარტია შევდივართ ამ ბრძოლაში და მათი მანდატი მექნება. ეს ბევრად ძლიერია, ვიდრე ერთი პარტია. ყრილობაზე დელეგატების მიერ ჩემი კანდიდატურა დადასტურდება და მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად. შეიძლება, ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს, მაგრამ როცა ის წავა, აუცილებლად სახლსაც ვიყიდი და ზუგდიდი იქნება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი.

დარწმუნებული ვარ, როგორც 2016 წელს, ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება და როგორც არასდროს, ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ სოფლების და ქალაქის, მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ხალხზე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა. ეს იქნება პატიოსნების პატარა კუნძული საქართველოში, სადაც შეიძლება ხალხისთვის ძალიან დიდი ცვლილებები მივიღოთ. გამოვრიცხავ დამარცხების შანსს. ასეთი მზადყოფნა არასდროს მიგრძვნია. ვგრძნობ, რომ მართლაც საქართველოს გადარჩენის დროა და კარგი იქნება, რომ ეს ზუგდიდიდან დაიწყოს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს წარადგენს. 2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შარშან, სექტემბერში ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე წერილით მომმართავდნენ
შემდეგი სტატიახელისუფლება, რომელსაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავზე გადაახია კონსტიტუცია და კანონი, ის სამოქალაქო სექტორზე არ უნდა საუბრობდეს – სალაძე