სანდრა რულოვსი – პრაქტიკაში არ ყოფილა ჯერ საქართველოში, საუბნო კომისიებისთვის სიები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გადაეცათ

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დარღვევას ჰქონდა ადგილი, რის გამოც საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი უნდა გადადგეს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ვითხოვთ ქალბატონ მირანდა მესხის გადადგომას. ასეთ უხეშ დარღვევას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. პრაქტიკაში არ ყოფილა ჯერ საქართველოში, სამაგიდო სიები იყოს გადაცემული საუბნო კომისიებისთვის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე. იქ არის პირადი ინფორმაცია, ჩვენი ამომრჩევლების სურათები, მარტო ჩვენი კი არა, მთელი ზუგდიდის ამომრჩევლების. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ამომრჩევლებზე იქნება დიდი ზეწოლა“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

რაც შეეხება ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გუშინ მომხდარ ინციდენტს, სანდრა რულოვსის თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულია ერთი პირი, რაც არასაკმარისია.

„მიმდინარეობს გამოძიება. იყო დაკითხვები. იყო ერთი ადამიანის დაკავება, რაც, რა თქმა უნდა, არასაკმარისია. ყველანაირი ვიზუალური მასალა არის. ყველა მხრიდან გადაღებული. ჩანს ვიდეომასალაში, რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. გადაღებაზე ვიყავით პარკში მშვიდად, წყნარად და უცებ მოვიდნენ პროვოკაციებზე გინებითა და ხელის შეხებით. ეს დაუშვებელია. ჩვენც მოქალაქეები ვართ, არამარტო პოლიტიკოსები და ჩვენი უსაფრთხოება და ნორმალური გადაადგილება უნდა იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა.

რაც შეეხება მანამდე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: ხელისუფლება პანიკაშია
შემდეგი სტატიათუ სადმე გადაცდომას აქვს ადგილი, უნდა იყოს რეაგირებული თანაბრად და ობიექტურად