სანდრა რულოვსი “ოცნების” კანდიდატს ღია სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით დებატებში იწვევს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დებატებში იწვევს. ვიდეომიმართვაში, რომელიც სანდრა რულოვსმა გაავრცელა, ის მოუწოდებს გეგა შენგელია ანაკლიის ამფითეატრში გამართოს მასთან შეხვედრა და საშუალება მისცეს რიგით მოქალაქეებსაც ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან კითხვები. ვიდეომიმართვაში სანდრა რულოვსი ანაკლიის განვითარებაზე და ლაზიკის პორტზეც საუბრობს, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ განავითარა.

„ეს ადგილი არის ივანიშვილის მიერ გაჭირვებული საქართველოს სიმბოლო. აქვე უნდა ყოფილიყო ქალაქი ლაზიკა. პროექტი, რომელიც ჩემმა მეუღლემ წამოიწყო მაგრამ გაჩერდა. იქ უნდა ყოფილიყო ასი ათასი სამუშაო ადგილი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ლაზიკა დღეს უკვე იქნებოდა მთელი ზუგდიდის, რეგიონის და ქვეყნის განვითარების გასაღები. ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. მათ პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე. სწორედ ამიტომ „ოცნების“ კანდიდატს ვთავაზობ გავმართოთ ღია საუბარი ხალხთან, ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში. აი აქ ამ გაჭირვებულ ამფიტეატრში, სადაც ჩვენთან ერთად ზუგდიდელები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში. გამოთქვამენ თავის წუხილებს და სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ძალა ერთობაშია,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშიელექტროტექნიკის მაღაზიის ქურდობის მცდელობა – დაკავებულია ორი არასრულწლოვანი
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ ერთ თვეში 938 500 ლარის შემოწირულობა მიიღო